ჯანმრთელობის დაზღვევა – პაკეტების შედარება, ფასები, პირობები

სტატია განახლებულია: 7/8/2018, 12:52

ჯანმრთელობის დაზღვევა

ინდივიდუალური დაზღვევა – მზღვეველი კომპანიების პაკეტების შედარება

კომპანია რეიტინგი ფასები ძირითად პაკეტებზე ონლაინ პორტალი
ჯი პი აი ჰოლდინგი ★★★★ 11 ლარი • 31 ლარი • 56 ლარი
უნისონი ★★★ 14 ლარი • 31 ლარი • 44 ლარი
არდი ★★ 33 ლარი • 55 ლარი • 77 ლარი

რა არის ჯანმრთელობის დაზღვევა?

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. სამედიცინო, იგივე ჯანმრთელობის დაზღვევა წარმოადგენს პიროვნების ინტერესების სოციალური დაცვის ფორმას, რაიმე მიზეზით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გაჩენის შემთხვევაში. სამედიცინო დაზღვევა დაკავშირებულია პიროვნების სამედიცინო დახმარებისათვის გაწეული ხარჯების კომპენსაციასთან, ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურებასთან.

რა მომსახურებას გვთავაზობს კერძო სამედიცინო დაზღვევა?

სამედიცინო დაზღვევა, რომელსაც ახორციელებენ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიები მოიცავს, როგორც მსგავსი, ისე განსხვავებული სახის მომსახურეობებს.

კერძო კომპანიების შემთხვევაში კი სამედიცინო დაზღვევა ძირითადად მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებას:

– 24 საათიან სატელეფონო სამედიცინო კონსულტაციას;

– სადღეღამისო ასისტანსის სამსახურს;
სადღეღამისო სატელეფონო კონსულტაცია, დაზღვევასთან დაკავშირებული ინფორმაციით უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.

– ოჯახის ექიმის სამსახურს;
პირადი ექიმის მომსახურება, როგორც კლინიკაში, ისე სახლში, საჭიროების მიხედვით.

– პროფილაქტიკურ გამოკვლევებს;

– გადაუდებელ/გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას;
როდესაც დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე, მოსალოდნელია ორგანოს ან/და კიდურის დაკარგვა ან პაციენტის გარდაცვალება რამდენიმე საათში. როგორც წესი საჭიროებს სტაციონარში 24 საათზე მეტ დაყოვნებას.

– გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას;
გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი შეიქმნა რაიმე უბედური შემთხვევის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, რაც არ საჭიროებს სტაციონარში 24-საათიან დაყოვნებას. მაგ:მოტეხილობა, მოწამვლა, დამწვრობა, მცირე ტრავმა, თერმული დაზიანებადა სხვა.)

– გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას;
ოჯახის ექიმის, ან ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება. მაგ: პროფილაქტიკური აცრები, დაავადებათა დიაგნოსტიკა, მართვა და რეფერალი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ლაბორატორიული გამოკვლევები, ელექტროკარდიოგრაფია და სხვ.

– გადაუდებელ სტომატოლოგიას;
კბილის ტკივილისგან გამოწვეულ გადაუდებელი შემთხვევა, რომელიც საჭიროებს მის ამოღებას.

სადაზღვეო პაკეტები ასევე მოიცავს:

– გეგმიურ სტომატოლოგიას; (სტომატოლოგის კონსულტაცია, დიაგნოსტიკ, ქვებისა და ნადების მოცილება, კბილის დაბჟენა, კბილის ამოღება, მედიკამენტების ხარჯები).

– ორთოპედიულ სტომატოლოგიურ მომსახურებას. (ორთოპედის კონსულტაცია, დიაგნოსტიკური ღონისძიებები, მოსახსნელი მთლიანი და/ან ნაწილობრივი პროთეზის და მიკროპროთეზის, მეტალოკერამიკის, მეტალოპლასტმასის, პლასტმასის და ფოლადის გვირგვინის, ჩანერთის, უმეტალო კერამიკისა და ბიგელისებური პროთეზის ღირებულებაზე ფასდაკლება);

– ორთოდონტიულ სტომატოლოგიურ მომსახურებას. (ორთოდონტის კონსულტაციას დიაგნოსტიკური ღონისძიებები, მოსახსნელი ორთოდონტიული ფირფიტოვანი აპარატის და მოუხსნელი ორთოდონტიული აპარატის ღირებულებაზე ფასდაკლება);

– გარკვეულ მედიკამენტებზე ფასდაკლებას;

– ორსულობა-მშობიარობის ხარჯების ანაზღაურებას (ორსულობის დროს საჭირო გამოკვლევების, კონსულტანციების ანაზღაურება, მშობიარობის ხარჯების ანაზღაურება).

რა უნდა გავითვალისწინოთ კერძო სამედიცინო დაზღვევის შეძენამდე?

რა თქმა უნდა, კერძო კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურეობა, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევას გულისხმობს, განისაზღვრება იმ პაკეტით, რომლითაც სარგებლობს დაზღვეული პირი. სადაზღვეო პაკეტები განსხვავდება ღირებულებითა და ამ ღირებულების შესაბამისი მომსახურების მიწოდების მიხედვით. ამიტომ, ჯანმრთელობის დაზღვევის მსურველმა პირმა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს წინაპირობა და იზრუნოს მისთვის მისაღები პირობების შემცველ სადაზღვეო პაკეტის შეძენაზე.

სადაზღვეო პაკეტის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მოცდის პერიოდის ხანგრძლივობას. სადაზღვეო პაკეტში არსებულ ზოგიერთ მომსახურებას (მაგ. ორსულობა-მშობიარობას) გააჩნია მოცდის პერიოდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ მომსახურეობაზე დაზღვევა ამოქმედდება მოცდის პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე თვეს მოიცავს. ამიტომ პაკეტის შეძენისას აუცილებლად გაარკვიეთ, რომელ მომსახურებაზე და რამდენი ხნით ვრცელდება მოცდის პერიოდი.

საინტერესოა პროვაიდერი კლინიკების შესახებ ინფორმაციაც. როგორც წესი, სადაზღვეო კომპანიები თანამშრომლობენ რამდენიმე კლინიკასთან და მათი სია მითითებულია სადაზღვეო პაკეტში. პროვაიდერ კლინიკებში მომსახურების მიღებისას თქვენ იხდით მხოლოდ იმ პროცენტს, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს. ხოლო, თუ არაპროვაიდერ კლინიკაში გიწევთ მომსახურების მიღება, მაშინ თქვენ მთლიანად უნდა დაფაროთ გადასახადი. შემდგომ, კლინიკისგან უნდა მოითხოვოთ ფორმა 100, კალკულაცია და ჩეკი, რომლებზეც კომპანიის ბეჭედი იქნება დარტყმული და ეს საბუთები წარადგინოთ თქვენს სადაზღვეოში, სადაც მოხდება თანხის ანაზღაურება. სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს იმდენ პროცენტს, რამდენიც გათვალისწინებულია თქვენს სადაზღვეო პაკეტში კონკრეტულ შემთხვევაზე.

რა სახის კერძო სამედიცინო დაზღვევა გვხვდება ბაზარზე?

კერძო სამედიცინო დაზღვევა მოიცავს კორპორაციულ და ინდივიდუალურ სადაზღვეო პაკეტებს.

ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევა ფიზიკური პირებისთვის არის განკუთვნილი და მას, კონკრეტული პირი დამოუკიდებლად შეიძენს.

კორპორაციული დაზღვევა კი განკუთვნილია იურიდიული პირებისთვის. აღნიშნული დაზღვევის ტიპით სარგებლობენ სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი თავად აფორმებენ ხელშეკრულებას სადაზღვეო კომპანიასთან და თანამშრომლებს სთავაზობენ კორპორაციულ სადაზღვეო პაკეტს. იმისათვის, რომ ორგანიზაციამ სტანდარტული კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებით ისარგებლოს, მისი თანამშრომლების რიცხვი უნდა აღემატებოდეს 25 ადამიანს. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციაში მომუშავე თანამშრომლების რიცხვი 25 ადამიანზე ნაკლებია, ხდება ამ ორგანიზაციისთვის სპეციალური წინადადების შეთავაზება. კორპორაციული დაზღვევის უპირატესობა, ინდივიდუალურ დაზღვევასთან მიმართებაში, მდგომარეობს იმაში, რომ როგორც წესი დაზღვევის საფასურს მთლიანად, ან ნაწილობრივ ფარავს კომპანია. შესაბამისად კონკრეტულ პირს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მაღალი დონის სადაზღვეო მომსახურება უფასოდ, ან უფრო მცირე ფასად, ვიდრე ეს ინდივიდუალური დაზღვევის შემთხვევაში ხდება.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის ნიშანდობლივია ინდივიდუალურად დაზღვეულთა ნაკლებობა და უფრო მეტად ჭარბობს კორპორაციული დაზღვევა. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე არსებული კომპანიებიდან, მხოლოდ 5 სადაზღვეო კომპანიაშია შესაძლებელი ინდივიდუალურად დაზღვევა. ეს გამოწვეული იმით, რომ სადაზღვეო კომპანიებს ინდივიდუალური დაზღვევა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე კორპორაციული.

რომელი კომპანიები გვთავაზობენ ინდივიდუალურ სამედიცინო დაზღვევას?

ჯანმრთელობის დაზღვევა, მზღვეველების ლოგოები
საქართველოს ბაზარზე არის ოცამდე სადაზღვეო კომპანია, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით გვემსახურებიან. ბაზარზე ყველაზე დიდ მოთამაშეებად გვევლინებიან: “ჯი პი აი ჰოლდინგი”, “ალდაგი ბისიაი”, “იმედი L International”, „უნისონი“, „არდი ჯგუფი“, „ირაო“ „პსპ“ და სხვ. ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, სადაზღვეო კომპანიების მუშაობის სტილი, შემოთავაზებული სადაზღვეო პაკეტები და პირობები ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტს მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სადაზღვევო კომპანიები: “ჯი პი აი ჰოლდინგ”, „არდი ჯგუფი“ „პსპ“, “ალდაგი ბისიაი”, “სტანდარტ დაზღვევა საქართველო”.

რა შეზღუდვებით გაიცემა კერძო სამედიცინო დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტი?

თუ თქვენ აპირებთ ინდივიდუალური პაკეტის შეძენას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიები არ გასცემენ ინდივიდუალურ სამედიცინო დაზღვევას 65 წლის ზემოთ მყოფ პირებზე. არ აქვს მნიშვნელობა, ამ ასაკის მიღმა მყოფ პირს, აქვს თუ არა შესაძლებლობა გადაიხადოს შესაბამისი თანხა. კერძო კომპანიები თვლიან, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის მომსახურება წამგებიანია და შესაბამისად მათ სახელმწიფოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით უნდა ისარგებლონ.

როგორ გავეცნოთ კორპორაციული პაკეტის სადაზღვეო პირობებს?

ოჯახის დაზღვევა
რაც შეეხება კორპორაციულ დაზღვევას, მისი პირობები დაწვრილებით არის ჩადებული ხელშეკრულებაში, რომელიც ფორმდება დამსაქმებელ ორგანიზაციასა და სადაზღვევო კომპანიას შორის. პირობების გასაცნობად აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენი ორგანიზაციის შესაბამის სამსახურს, ან დაუკავშირდით სადაზღვევო კომპანიას.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა მოქალაქეს, რომელიც არ არის დაზღვეული კერძო (ინდივიდუალური, კორპორატიული) დაზღვევით, შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ხოლო იმისათვის, რომ გაარკვიოთ ხართ თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამის მონაცემთა ბაზაში, უნდა მიმართოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 15 05 და თქვენი პირადი ნომრის საფუძველზე მოგაწვდიან ინფორმაციას, ხართ თუ არა საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში.