სამოგზაურო დაზღვევა – პაკეტების შედარება, ფასები, პირობები

სტატია განახლებულია: 7/8/2018, 12:51

სამოგზაურო დაზღვევა

მოგზაურობის დაზღვევა – მზღვეველი კომპანიების პაკეტების შედარება

კომპანია რეიტინგი ფასები (დღე) ანაზღაურება ბარგის დაკარგვისას
ჯი პი აი ჰოლდინგი ★★★★☆ 0.5 ლარიდან $25 / 1 კგ
იმედი ლ ★★★★ 1.2 ლარიდან $20 / 1 კგ
უნისონი ★★★☆ 1 ლარიდან $23 / 1 კგ
აი სი ჯგუფი ★★★ 1 ლარიდან $20 / 1 კგ
ირაო ★★ 2.5 ლარიდან $25 / 1 კგ

ყველა ჩვენგანს უყვარს უცხოეთში მოგზაურობა და რა თქმა უნდა, ახალი შთაბეჭდილებების მიღება ყველასთვის დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული. თუმცა იმისათვის, რომ ჩვენი მოგზაურობით ვისიამოვნოთ, აუცილებელია, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ. ამის ერთ-ერთი გარანტი სამოგზაურო დაზღვევაა.

გამგზავრებისას ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ მოგზაურობის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელმა გაუარესებამ, ან ბარგის დაკარგვამ შეიძლება უარყოფითი ემოციები შესძინოს დაგეგმილ სიამოვნებას. სწორედ მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლადაა საუკეთესო გამოსავალი სამოგზაურო დაზღვევა, რომელსაც ჩვენს სტატიაში დეტალურად განვიხილავთ.

რას ნიშნავს სამოგზაურო დაზღვევა და რისგან გვიცავს ის?

სამოგზაურო დაზღვევის პოლისი პირველ რიგში თქვენი დაცულობისთვისაა საჭირო. სამოგზაურო დაზღვევით იფარება ის სადაზღვევო შემთხვევები, რომელიც შეიძლება დადგეს მოგზაურობისას. ძირითად დაფარვას წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარმა გაუარესებამ, ან უბედურმა შემთხვევამ.

უნდა აღინიშნოს, რომ არებობენ ქვეყნები, რომლებიც სავიზო განაცხადის შევსების დროს აუცილებლად ითხოვენ სამოგზაურო დაზღვევასაც. საინტერესოა ისიც, რომ იმის მიუხედავად ითხოვს თუ არა რომელიმე ქვეყანა ოფიციალურად დაზღვევის ქონას, საზღვრის გადაკვეთის დროს მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, აქვს თუ არა ვიზიტორს სამოგზაურო დაზღვევა, რაც მის სასარგებლოდ მეტყველებს.

რა შემთხვევაში შეგვიძლია სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა?

სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა ნებისმიერი ტიპის ვიზის, ან ნებისმიერი მიზნით მოგზაურობისას შეგიძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა უცხოეთში სასწავლებლად მიემგზავრებით, ტურისტად თუ ბიზნეს შეხვედრაზე. თქვენ შეგიძლიათ სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა იმდენი დღით, რამდენითაც გჭირდებათ. ვადას, დაზღვევის შეძენისას, თავად უთითებთ.

როგორია სამოგზაურო დაზღვევის პოლისები და პაკეტები?

სამოგზაურო დაზღვევის პაკეტები
სამოგზაურო დაზღვევის პოლისები, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან პირობებითა და მათ შესაძენად გადასახდელი თანხით. შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი სამოგზაურო დაზღვევის შეძენა. პოლისის შეძენისას თქვენ თავად წყვეტთ, რა სახის პაკეტი გნებავთ. იქნება ეს მსოფლიოს მასშტაბით დაფარვა, თუ კონკრეტული ქვეყანა. ფასი, როგორც წესი, ორივეს შემთხვევაში მიახლოებულია. ამიტომ, მომხმარებლების 99 პროცენტი მსოფლიო მასშტაბის დაფარვას ირჩევს.

სამოგზაურო დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტია, რომლის ფასს განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები როგორიცა: სამოგზაურო დღეების რაოდენობა, პოლისის დაფარვის არეალი, დაზღვეულის ასაკი და ა.შ. როგორც წესი, სტანდარტული ერთჯერადი პოლისის დღიური ფასი 1 ლარიდან – 8 ლარამდე მერყეობს. ფასთა შორის სხვაობა სწორედ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით იცვლება. მაგ: თუ თქვენი ასაკი 16-64 წლამდეა და ევროპის გარშემო გსურთ მოგზაურობა, მაშინ დღიურად 1,5 ლარის გადახდა მოგიწევთ. თუ მთელი მსოფლიოს გარშემო გსურთ მოგზაურობა, მაშინ 3 ლარის და ა.შ. რაც შეეხება ბიზნეს და მრავალჯერად სამოგზაურო პაკეტებს, აქ დღიური ნორმა ერთჯერად პაკეტთან შედარებით გაცილებით მეტია, თუმცა ეს სადაზღვეო პოლისები განკუთვნილია მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს და წინასწარ აქვს განსაზღვრული სამოგზაურო განრიგი და შესაბამისად ამ სადაზღვეო პოლისებით სარგებლობა მათთვის უფრო მომგებიანია.

რა განსხვავებაა ერთჯერად და მრავალჯერად სადაზღვეო პოლისს შორის?

ერთჯერადი პოლისი – საუკეთესო არჩევანია მაშინ, როდესაც კონკრეტული ვადით გიწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება და თქვენს მოგზაურობას არ აქვს რეგულარული ხასიათი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პოლისის შეძენა შეგიძლიათ იმ ვადით, რა ვადითაც აპირებთ ქვეყნის დატოვებას.

რაც შეეხება მრავალჯერად სამოგზაურო პოლისს – თავიდან აგაცილებთ ზედმეტ პროცედურებს და საშუალებას მოგცემთ მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოთ ერთი პოლისით. ასეთი პოლისის ყიდვა კარგია მაშინ, თუ სასწავლებლად მიემგზავრებით 1 წლით, დაუზუსტებელი ან გრძელვადიანი ვადებით გიწევთ მოგზაურობა და სხვ.

რომელი კომპანიები გვთავაზობენ სამოგზაურო დაზღვევას?

საქართველოში სამოგზაურო დაზღვევას გვთავაზობს შემდეგი სადაზღვეო კომპანიები: იმედი L, ჯიპიაი ჰოლდინგი, აისი ჯგუფი, არდი, უნისონი, ირაო და ა.შ.

და მაინც, რა სახის მომსახურებას მოიცავს სამოგზაურო დაზღვევა?

კომპანიების მიერ შემოთავაზებული განსხვავებული პირობების მიუხედავად, სამოგზაურო დაზღვევა ძირითად მოიცავს, შემდეგი სახის მომსახურებას:
– გადაუდებელ სამედიცინო ტრანსპორტირებას; (როგორც წესი ის ყველა სადაზღვეო პოლისში ულიმიტოა).
– გადაუდებელ სტომატოლოგიური მკურნალობას;
– გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;
– გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება;
– ბარგის დაკარგვა;
– რეისის დაგვიანება/გადადება;
– სამედიცინო, ან გარდაცვალების შემთხვევაში დაზღვეულის რეპატრიაცია;
– ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს მოთხოვნით დეპორტაცია.

როგორც წესი, გადაუდებელი სამედიცინო ტრანსპორტირება და ამბულატორიული მომსახურება ყველა სადაზღვეო პოლისში ულიმიტოდ, 100%-ით იფარება. სხვა დანარჩენ მომსახურებაზეც დაზღვევა 100%-ით აანაზღაურებს თანხებს, თუმცა განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ლიმიტი ყველა სადაზღვეო პაკეტს განსხვავებული აქვს და ის 50-60 EU/USD მერყეობს.

რას არ ანაზღაურებს სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევის პირობები
რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული სახის დაზღვევაშიც არის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებსაც სადაზღვეო პოლისი არ ფარავს. სამოგზაურო დაზღვევაში არ შედის შემდეგი სახის მომსახურების დაფინანსება:
– მედიკამენტები — თუმცა, არა ის, რაც გადაუდებელი მკურნალობისთვის არის საჭირო;
– გეგმიური სამედიცინო ხარჯები;
– აქსესუარები — მაგალითად, სათვალის ან ლინზების დაზიანება/დაკარგვა და ა.შ.
– გეგმიურ სტომატოლოგიურ მომსახურება – თერაპიული ჩარევა, მაგალითად, დაბჟენვა და სხვა მკურნალობა ამ პოლისით არ იფარება.;
– გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება;
– ვირუსული და ინფექციური დაავადებების მკურნალობა — ჰეპატიტი, შიდსი და ა.შ;
– ონკოლოგიური მომსახურება;
– ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან დაკავშირებული გართულებები.

როგორ მოვიქცეთ თუ მოგზაურობისას სამედიცინო მომსახურება დაგვჭირდა?

ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც მოგზაურობისას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. თუ თქვენ სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობთ მაშინ, საჭიროების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ ასისტანს-კომპანიას, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ასისტანს-კომპანიები შუამავლები არიან, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებას და დაზღვეულის ურთიერთობას არეგულირებენ. ისინი ეხმარებიან თქვენს სადაზღვეო კომპანიას, კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებაში. ასისტანს-კომპანიასთან დასაკავშირებელი ნომერი ყველა ქვეყნისთვის ერთია და ის მითითებულია სადაზღვეო პოლისზე.

თუ თავად გადაწყვიტეთ პირდაპირ საავადმყოფოსთან დაკავშირება გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში თავად მოგიწევთ ყველანაირი თანხის დაფარვა. სადაზღვეო კომპანია კი შემდგომ აგინაზღაურებთ თანხას. როგორც წესი თანხის ანაზღაურება ხდება ათი სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა არსებობს ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც უფრო მეტი დრო შეიძლება დაჭირდეს სადაზღვეო კომპანიას თანხის უკან დაბრუნებისთვის.

თქვენ ასევე შეგიძლიათ საავადმყოფოს პერსონალს აცნობოთ, რომ დაზღვეული ხართ და შესაძლოა მათ თავად გაარკვიონ ურთიერთობა სადაზღვეო კომპანიასთან. იმ შემთხვევაში, თუ უგონო მდგომარებაში მოხდა თქვენი გადაყვანა საავადმყოფოში არ ინერვიულოთ, როგორც წესი პოლიცია ყოველთვის ამოწმებს დაშავებულის საბუთებს. ამიტომ, კარგი იქნება თუ მოგზაურობისას ყოველთვის თან ატარებთ სადაზღვეო ბარათს.

როგორ მიცავს დაზღვევა ბარგის დაკარგვის ან დაგვიანების შემთხვევაში?

როგორც უკვე ვახსენეთ, სამოგზაურო დაზღვევა ასევე ანაზღაურებს ბარგის დაკარგვასა და რეისის გადადებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს. ბარგის დაკარგვის დაზღვევის შემთხვევაში თქვენ, ავიაკომპანიისგან უნდა მიიღოთ ცნობა დაკარგვის შესახებ, რომლის მიხედვითაც დაზღვევა ყოველ კილოგრამზე $20/€20-ს აგინაზღაურებთ. მაქსიმალური წონა 28 კილოგრამია. ანაზღაურება წონის მიხედვით ხდება, მიუხედავად შიგთავსისა.

რაც შეეხება ბარგის დაგვიანების დაზღვევას – ხშირად ბარგი არ იკარგება, მაგრამ ტრანზიტისას არასწორ კონტეინერში მოხვდება და უბრალოდ აგვიანებს. ამ შემთხვევაში: თუ ბარგმა 8 საათით ან უფრო მეტით დაიგვიანა, დაზღვევა იხდის თანხას, რათა პირველადი მოხმარების ნივთების ყიდვა შეძლოთ (თუმცა ეს პირობები, აუცილებლად წინასწარ უნდა დააზუსტოთ სადაზღვეო კომპანიასთან).

როგორც ხედავთ სამოგზაურო დაზღვევას ბევრი სარგებელი აქვს და მნიშვნელოვნად ამცირებს გარკვეული საფრთხეებისგან მიღებულ უსიამოვნებას. თუ მოგზაურობას აპირებთ, გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ აუცილებლად გააკეთოთ სამოგზაურო დაზღვევა. ასე თავს გაცილებით დაცულად იგრძნობთ. კარგად გაეცანით თქვენს სადაზღვეო პაკეტს, იმ დამატებით სარგებელს, თუ შეზღუდვებს, რომელსაც გთავაზობთ პოლისი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ ის.

რა არის საჭირო სამოგზაურო დაზღვევის გასაფორმებლად?

სამოგზაურო დაზღვევის გასაფორმებლად შემდეგი სახის ინფორმაციაა საჭირო: თქვენი მისამართი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია. დაზღვევა ფორმდება ერთ სამუშაო დღეში. სამოგზაურო დაზღვევის გაფორმება ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი.