რა არის სიცოცხლის დაზღვევა და რა უნდა ვიცოდეთ შეძენამდე

სტატია განახლებულია: 7/8/2018, 12:51

სიცოცხლის დაზღვევა
საქართველოში, სიცოცხლის დაზღვევა, სხვა დაზღვევის ტიპებისგან განსხვავებით, არც თუ ისე გავრცელებულია. ეს განპირობებულია ისეთი მიზეზებით, როგორიცაა არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, სადაზღვეო კომპანიების მიმართ დაბალი ნდობა (განსაკუთრებით გრძელვადიანი ინვესტირების შემთხვევაში), ინფორმაციის ნაკლებობა და ა.შ.  დღესდღეობით, ზოგი კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტთან ერთად გვთავაზობს სიცოცხლის დაზღვევასაც. ეს ერთი მხრივ ამ მომსახურების პოპულარიზებისთვისაც კეთდება.

სიცოცხლის დაზღვევაზე, მეტი ინფორმაციის მიღება ეხმარება ადამიანს უკეთ გაიგოს, ამ ტიპის დაზღვევის უპირატესობანი. უმეტესს შემთხვევაში სიცოცხლის დაზღვევა ფულის გაფლანგვასთან ასოცირდება მაშინ, როდესაც კონკრეტული პიროვნების გარდაცვალების შემდეგ, სიცოცხლის დაზღვევის პოლისის არსებობისას, მრავალი ფინანსური პრობლემა ეხსნება მისი ოჯახის წევრებს.

რა არის სიცოცხლის დაზღვევა და რისგან გვიცავს ის?

ცხოვრების მანძილზე, ბევრ ადამიანს უწევს შეჯახება არაერთ კრიტიკულ სიტუაციასთან თუ განუკურნებელ დაავადებასთან, რომელიც განაპირობებს ადამიანის, როგორც დროებით, ასევე მუდმივ შრომისუუნარობას და სიკვდილსაც კი. სიცოცხლის დაზღვევის უმთავრესი მიზანია, ამ კრიტიკული რისკების დადგომის დროს დაზღვეულს, ან მესამე პირს გადაუხადოს ის თანხა, რომელსაც მოიცავს სადაზღვეო პოლისი.

რეალურად რას ფარავს სიცოცხლის დაზღვევა?

სიცოცხლის დაზღვევის პოლისები მოიცავს სადაზღვევო დაფარვას ბუნებრივი მიზეზით, ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზღვეულის გარდაცვალებით, საბანკო კრედიტის დაფარვას მსესხებლის სიკვდილის შემთხვევაში. ასევე, ოჯახისათვის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას კრიტიკული დაავადების შედეგად დამდგარი მუდმივი, ან დროებითი შრომისუუნარობის დროს.

სიცოცხლის დაზღვევის დროს დაზღვევის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე. სადაზღვევო რისკი არის დაზღვეული პირის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი შემთხვევითი გადახრა საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლიდან. ანუ, რისკი არის არა სიკვდილი, არამედ მისი დადგომის დრო, ან გარკვეულ ასაკამდე მიღწევა. ამიტომ, დასაზღვევის რისკს აქვს სამი ასპექტი:

  • ახალგაზრდა ასაკში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელზე ადრე გარდაცვალების ალბათობა;
  • გარდაცვალების, ან გარკვეულ ასაკამდე მიღწევის ალბათობა;
  • სიბერეში ცხოვრების ალბათობა, სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობა, რაც მოითხოვს რეგულარული შემოსავლების მიღებას შრომითი საქმიანობის გარეშე.

რა განსხვავებაა სიცოცხლის სადაზღვეო პაკეტებს შორის და რა სახის პაკეტები გვხვდება ბაზარზე?

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი რისკის ფაქტორებით განისაზღვრება დაზღვევის სამი ძირითად სახე:

  1. რისკობრივი სიცოცხლის დაზღვევა;
  2. დაგროვებითი სიცოცხლის დაზღვევა;
  3. სიცოცხლის შერეული დაზღვევა.

დეტალურად განვიხილოთ თოთოეული მათგანი:

რისკობრივი სიცოცხლის დაზღვევა ეს არის დაზღვევა გარდაცვალების შემთხვევაზე დროის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ დაზღვეული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია გადაუხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხა გარდაცვლილის ოჯახს.

დაგროვებადი – ეს არის გარდაცვალების შემთხვევაზე დაზღვევა, დაზღვეულის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სადაზღვევო კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხა დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის მოხდება ეს.

შერეული სიცოცხლის დაზღვევა მოიცავს გარდაცვალების შემთხვევაზე დაზღვევასა და გარკვეულ ასაკამდე მიღწევაზე დაზღვევას. სადაზღვევო კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხა დაზღვეულის, როგორც გარდაცვალების შემთხვევაში, თუ ეს მოხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე გასვლამდე, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგაც, მაშინაც კი, თუ დაზღვეული ცოცხალია.

სიცოცხლის დაზღვევის ზემოთ ნახსენებ ფორმებს გააჩნია მთელი რიგი თავისებურებები. ისინი იცვლებიან სიტუაციიდან გამომდინარე. სწორედ, ამიტომ სადაზღვევო ბაზარზე შეგვიძლია ვიპოვოთ სიცოცხლის დაზღვევის სხვადასხვაგვარი პროდუქტები განსხვავებული ტარიფებით.

რომელი ქართული კომპანიები გვთავაზობენ სიცოცხლის დაზღვევას?

რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც სიცოცხლის დაზღვევას გვთავაზობენ, დღესდღეობით (ეროვნული ბანკის მონაცემებით) 10 სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ამ მომსახურებას გვთავაზობს: ალდაგი ბისიაი, ჯი პი აი ჰოლდინგი, იმედი L International, ირაო, აი სი ჯგუფი, არქიმედეს გლობალ ჯორჯია, პსპ სამედიცინო დაზღვევა, ალფა, ტაო და ქართუ.

რომელია სიცოცხლის დაზღვევის ყველაზე გავრცელებული სქემები და რას მოიცავს ისინი?

საინტერესოა ასევე, ევროპული მოდელის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიცოცხლის დაზღვევის სქემები, რომლებიც შემდეგი სახით გვხდება:

  • სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა;
  • სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა;
  • სიცოცხლის უვადო დაზღვევა;
  • შემოსავლის დაცვის სქემა.

სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ ფინანსურად დაიცვან საკუთარი ოჯახი ან ბიზნესი, მათი გარდაცვალებისა თუ განუკურნებელი სენით დაავადების შემთხვევაში. დაზღვევის მინიმალური ვადა ამ შემთხვევაში 1 წელია.

დამატებითი დაფარვის სახით აღნიშნულ სადაზღვევო პოლისს მოყვება (დაზღვეულის სურვილისებრ) კრიტიკული დაავადებებისაგან დაზღვევა, რომელიც უზრუნველყოფს პერიოდულ შემოსავლებს, იმ შემთხვევაში თუ ამ დაავადების შედეგად ადამიანმა დაკარგა შრომის უნარი და შესაბამისად –  შემოსავალიც. კრიტიკული დაავადებისაგან დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვეულის მიერ სიცოცხლეშივე მიღებული სადაზღვევო ანაზღაურების თანხა დამოკიდებულია მისი დაავადების სირთულესა თუ სხვა პირობებზე.

საქართველოში სიცოცხლის ვადიანი დაზღვევის პირობების თანახმად, იფარება დაზღვეულის ბუნებრივი მიზეზით, ან უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება. დამატებითი დაფარვის სახით გვხვდება კრიტიკული დაავადებებისაგან დაზღვევა. ამ შემთხვევაში, დაზღვეული სადაზღვევო პერიოდშივე იღებს განსაზღვრულ თანხას, რომელსაც გამოიყენებს სურვილისამებრ. ევროპული სქემისაგან განსხვავებით, დაზღვეულის ასაკი დაზღვევის დასრულების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს, ასევე არ გვხვდება განუკურნებელი სენისაგან დაზღვევა დამატებითი სარგებლის სახით. საინტერესოა ისიც რომ, თუ სიცოცხლის დაზღვევის ვადა ამოიწურა, დაზღვეულს ხელახლა მოუწევს პოლისის შეძენა და შესაბამისად, სადაზღვევო პირობებიც იქნება განსხვავებული.

რაც შეეხება საქართველოში სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევას, ის სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტებს შორის წამყვანია. მეტიც, სიცოცხლის დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში ძირითადად სწორედ დაზღვევის ამ ტიპის საშუალებით მუშაობს (სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებისვე აღნიშვნით). ევროპული ანალოგისაგან განსხვავებით, სადაც სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევისათვის სადაზღვევო პერიოდი განსაზღვრულია, ჩვეულებისამებრ მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 40-50 წლით, საქართველოში სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით, ძირითადად არაა განსაზღვრული მინიმალური ან მაქსიმალური სადაზღვევო პერიოდი. სადაზღვევო ანაზღაურებას ექვემდებარება: დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, ან უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედითუუნარობა. ხოლო, მაქსიმალურ სადაზღვევო თანხას შეადგენს 500’000 აშშ დოლარს.

სიცოცხლის ვადიანი დაზღვევისაგან განსხვავებით, სიცოცხლის უვადო დაზღვევის გეგმა უზრუნველყოფს სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას დაზღვეულის გარდაცვალების პერიოდის მიუხედავად. ეს არის დაზღვევა, რომელიც მოქმედებს დაზღვეულის მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მისი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახი ღებულობს სრულ სადაზღვევო დაფარვას.

რაც შეეხება შემოსავლების დაცვის სქემას, მისი მიზანია დაზღვეული პირის უზრუნველყოფა რეგულარული შემოსავლებით, როგორც ავადმყოფობის, ასევე რაიმე ტრავმით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის დროს.

საქართველოში სიცოცხლის უვადო დაზღვევის სქემა, ისევე როგორც შემოსავლების დაცვის სქემა, ჯერ-ჯერობით არ გვხვდება.